ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის ქაშმირის რეგიონში გასულ ღამით შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის ქაშმირის რეგიონში გასულ ღამით შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთის მიმართლებით ცეცხლსასროლი იარაღით და არტილერიით ისროდნენ.
პაკისტანის მედიის ინფორმაციით, პაკისტანის არმიის სამხედროებმა გუშინდელი ღამიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილას გაგზავნილი ინდოეთის 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, ერთი აპარატის მოქმედების შედეგად კი ოთხი პაკისტანელი ჯარისკაცი დაშავდა. პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ ინდოეთის ქმედება „სერიოზული პროვოკაციაა“.
პარალელურად, ინდოეთის მედია წერს, რომ ჯამუსა და ქაშმირში, კონტროლის ხაზის გასწვრივ, პუნჩის სექტორში პაკისტანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 44 ადამიანი დაშავდა.