ინდოეთის შეიარაღებული ძალები ქაშმირში ჩხრეკის ოპერაციებს აწარმოებენ, რეგიონში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
ინდოეთის შეიარაღებული ძალები ქაშმირში ჩხრეკის ოპერაციებს აწარმოებენ, რეგიონში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქაშმირში ჩავიდა შეიარაღებული ძალების მეთაური და თავდასხმის ადგილი მოინახულა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კი დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის პირობა დადო.
ამასთან, ინდოეთმა პაკისტანის მოქალაქეებს 29 აპრილამდე ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. ინდოეთის მთავრობამ ასევე შეაჩერა 1960 წელს ხელმოწერილი შეთანხმება წყლის რესურსებზე. საპასუხოდ, პაკისტანში აცხადებენ, რომ თუ ინდოეთი წყლის მიწოდებას გადაუკეტავს მათ, ამას „ომის აქტად“ შეაფასებენ.
როგორც მედია წერს, გასულ ღამეს სროლა იყო ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, კონტროლის ხაზის გასწვრივ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ქაშმირის რეგიონში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 22 აპრილს ტურისტებზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ქაშმირის წინააღმდეგობის ფრონტმა“ აიღო. ინდოეთი მიიჩნევს, რომ ამ დაჯგუფებას მხარდაჭერას პაკისტანი უწევს, თუმცა ისლამაბადი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.