ინდოეთის სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის 17 მამაკაცს ბრალი წარუდგინა

22:29, 18.07.2018

ინდოეთის სასამართლომ 11 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისთვის 17 მამაკაცს ბრალი წარუდგინა. ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაის პოლიციის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე თავდასხმას ბრალდებულები თვეების განმავლობაში ახორციელებდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონაზე სექსუალური ზეწოლა საკუთარი საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთ ცარიელ ბინაში ხორციელდებოდა.

მთავარი ბრალდებული აღნიშნული შენობის ლიფტის ოპერატორია, რომელმაც 11 წლის გოგონაზე პირველმა იძალადა. მან მსხვერპლი ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა და ძალადობისკენ შენობის სხვა თანამშრომელ მამაკაცებსაც უბიძგა. ბრალდებულებს შორის არიან საცხოვრებელი შენობის დაცვის წევრები და სანტექნიკოსი. მსხვერპლმა ყველა მათგანი ამოიცნო. ოთხმა ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა.

გამოძიების ცნობით, მთავარი ბრალდებული სავარაუდოდ ძალადობის მომენტებს ვიდეოკამერით იღებდა, რის შემდეგაც მცირეწლოვან გოგონას ემუქრებოდა, რომ აღნიშნულ მასალას ინტერნეტში განათავსებდა. პოლიციის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებები შესაძლოა, კიდევ განხორციელდეს.

ჯგუფური გაუპატიურების მორიგმა საქმემ ინდოეთში მღელვარება გამოიწვია. ქალაქ ჩენაის სასამართლოს შენობასთან აქტივისტები შეიკრიბნენ და ბრალდებულების გამოყვანის დროს მათზე თავდასხმა სცადეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სასამართლოს დარბაზშიც, სადაც ადვოკატები ბრალდებულებს თავს დაესხნენ. მოსამართლის თქმით, ბრალდებულების დაცვა ნებაყოფლობით არც ერთმა ადვოკატმა არ ისურვა.
დაზარალებული გოგონა ამჟამად მკურნალობის კურსს ქალაქის მთავარ საავადმყოფოში გადის.

მსგავსი