ინდოეთის სამხრეთით ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთით ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის და კარნატაკას შტატებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დატბორილია საგზაო მაგისტრალები, ხოლო ზოგიერთი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, რის გამოც მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება ვერ ხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 30 კი, დაკარგულად ითვლება.

დაზარალებულ შტატებში ინდოეთის სამაშველო სამსახურის 16 ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც დაახლოებით 58 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმა არაბეთის ზღვაში ჩამოყალიბებულმა ციკლონმა გამოიწვია. ციკლონი ამჯერად ტამილ ნადუს შტატისკენ გადაადგილდება.