ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში შეხვედრებს გამართავს
ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში შეხვედრებს გამართავს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი იმყოფება.

ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში. „ჩვენ შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთმხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან.

ასევე, საგარეო უწყების ცნობით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი. ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა.