ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ინდოეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

17:07, 24.08.2026

ინდოეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ასევე დაესწრო ინდოეთ-რუსეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის სხდომას.

შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხაზს უსვამს რუსეთსა და ინდოეთს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების მაღალ დონეს. ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, გაზარდოს სასუქების მიწოდება ინდოეთში, რათა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ეს საკითხი მოგვარდეს.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოუთმენლად ელოდება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას.

„ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, შემდეგ კი, ინდოეთში BRICS-ის სამიტზე, ასე რომ, ვფიქრობ, თანამშრომლობის ძალიან მკაფიო სურათი გვაქვს წარმოსადგენად“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი