ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთის საელჩო ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მუშაობას განაახლებს
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთის საელჩო ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მუშაობას განაახლებს

ინდოეთის საელჩო ავღანეთის დედაქალაქში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა.

ჯაიშანკარმა განცხადება ინდოეთში „თალიბანის“ ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამირ ხან მუტაკის ვიზიტის დროს განაცხადა.

„ინდოეთი სრულად უჭერს მხარს „თალიბანის“ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ჩვენ შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს თქვენს ეროვნულ განვითარებას, ასევე რეგიონულ სტაბილურობასა და მდგრადობას“, – აღნიშნა ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯაიშანკარის თქმით, ინდოეთის ამჟამინდელი „ტექნიკური მისია“ ქაბულში საელჩოს დონემდე გაიზრდება.

ინდოეთმა თავისი საელჩო ქაბულში 2021 დახურა, მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან საერთაშორისო ძალები გავიდნენ და ქვეყანაზე კონტროლი „თალიბანმა“ დაამყარა. მოგვიანებით ინდოეთმა ავღანეთის დედაქალაქში მისია გახსნა ვაჭრობის, სამედიცინო მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობისთვის.

მუტაკი ინდოეთში ექვსდღიანი ვიზიტით იმყოფება. ეს „თალიბანის“ ლიდერის პირველი ვიზიტია ინდოეთში მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ 2021 წელს ქვეყნის მართვა ხელში ჩაიგდო.

ქაბულში საელჩოები აქვს დაახლოებით 10 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, რუსეთს, ირანს, პაკისტანს და თურქეთს. ამასთან, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ფორმალურად აღიარა „თალიბანის“ ადმინისტრაცია.