ინდოეთის პრემიერმა დანგრეული მეჩეთის ადგილას ინდუისტური ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ნარენდრა მოდი ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
ინდოეთის პრემიერმა დანგრეული მეჩეთის ადგილას ინდუისტური ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ნარენდრა მოდი ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დანგრეული მუსლიმური მეჩეთის ადგილას ინდუისტური ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მედია წერს, ახალი ტაძარი ინდუისტური ღმერთის, რამის სახელზე ქალაქ აიოდიაში აშენდა.

ტაძრის ადგილას მდგარი მე-16 საუკუნის მეჩეთი ინდუისტებმა 1992 წელს დაანგრიეს. აღნიშნულმა ინციდენტმა მაშინ ქვეყნის მასშტაბით არეულობა გამოიწვია, რომლის დროსაც თითქმის 2 000 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ცნობით, ინდუისტური ტაძრის კურთხევას აიოდიაში ათასობით სტუმარი დაესწრო. მედიის ინფორმაციით, ზოგიერთმა ინდუისტმა და ოპოზიციის უმეტესობამ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადეს და თქვეს, რომ ნარენდრა მოდი მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

როგორც მედია წერს, საყოველთაო არჩევნები ინდოეთში უახლოეს რამდენიმე თვეშია დაგეგმილი და ნარენდრა მოდის პოლიტიკური კონკურენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ეცდება ხმების მიღებას ტაძრის სახელით უტარ პრადეშის შტატში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი ინდუსია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდუისტური ტაძრის აშენება 217 მილიონი დოლარი დაჯდა. გახსნის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სადაც აჩვენეს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ტაძრის კურთხევის ცერემონიასა და რელიგიურ რიტუალებში მიიღო მონაწილეობა.

ბევრი ინდუისტი მიიჩნევს, რომ აიოდია რამის დაბადების ადგილია და ბაბრის მეჩეთი აშენდა მუსლიმი დამპყრობლების მიერ რამის ტაძრის ნანგრევებზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ინდუისტების ღმერთი დაიბადა.