ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დელიში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა ივლისის ბოლოს შესაძლოა, ნახევარ მილიონს გადააჭარბოს
ინდოეთის დედაქალაქში ივლისის ბოლოს შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბოს, – ეს განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, მანიშ სისოდიამ გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს, ივლისის ბოლოს აუცილებელი იქნება, რომ ნიუ დელის საავადმყოფოებში 80 000 ადგილი იყოს თავისუფალი, სამედიცინო დაწესებულებები კი, ინფიცირებულთა ნაკადს უკვე ვეღარ უმკლავდებიან.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 268 125 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 487 ადამიანი. ყველაზე რთული მდგომარეობა კი, სწორედ დედაქალაქშია, სადაც უკვე თითქმის 30 000 ათასი ადამიანია ინფიცირებული.