ინდოეთის დედაქალაქში განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.
ათიათასობით დემონსტრანტი, ძირითადად ახალგაზრდები, განათლების მინისტრის დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომის მოთხოვნით გავიდა ქუჩაში.
როგორც მედია წერს, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემითა და ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების სიმცირით გამოწვეული უკმაყოფილებაა, თუმცა „უშუალო საბაბი გახდა სამედიცინო უნივერსიტეტებში მისაღები ეროვნული გამოცდის სკანდალი“, სადაც 130 ათასამდე ადგილისთვის ორ მილიონზე მეტი მსურველი იბრძოდა.
მედიის ცნობით, აბიტურიენტთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგამოცდო საკითხები, რომელიც თანხის სანაცვლოდ გაიყიდა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ შედეგები გააუქმა და გამოცდის ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა.
ასევე, მედიის ცნობით, ამ სკანდალს 20-ზე მეტი სტუდენტის სავარაუდო თვითმკვლელობა უკავშირდება.
აქციის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდული მოძრაობა „ტარაკანების პარტია“, რომელიც თავდაპირველად სატირულ ინიციატივად შეიქმნა, თუმცა სწრაფად იქცა მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კრიტიკოსად. ხელისუფლებამ მათ აქციის ჩატარების უფლება არ მისცა და დემონსტრანტების პარლამენტისკენ მსვლელობა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
დელის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაახლოებით 180 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 118 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი, ასევე, 60 დემონსტრანტი.
„ტარაკანების პარტიის“ დამფუძნებლის აბჰიჯიტ დიპკეს განცხადებით, აქციის 150-ზე მეტ მონაწილეს გაეწია სამედიცინო დახმარება. მისი თქმით, მოძრაობამ პარლამენტისკენ მსვლელობის გაგრძელებაზე უარი თქვა, რათა მეტი ახალგაზრდა არ დაშავებულიყო. თუმცა, აქტივისტები აცხადებენ, რომ ანტისამთავრობო პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ.
ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორია „ტარაკნების პარტია“ ახალგაზრდული მოძრაობა, რომელმაც აღნიშნული სახელი მას შემდეგ დაირქვა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეები „ტარაკნებად“ მოიხსენია. პროტესტს ინდოეთის მთავარი ოპოზიციური პარტია — „კონგრესიც“ შეუერთდა. პარტიის ლიდერები, რაჰულ განდი და პრიანკა ვადრა ნარენდრა მოდის რეზიდენციასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი სხვა დემონსტრანტებთან ერთად დააკავა.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მმართველი კოალიციის დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გამოცდებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს, ხელახალი გამოცდა კი წარმატებით ჩატარდა. მოდიმ ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მომავლის დასაცავად აუცილებელია დამნაშავეთა დასჯა და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მსგავსი დარღვევების განმეორებას გამორიცხავს.