ინდოელი მეცნიერები აცხადებენ, რომ აინშტაინისა და ნიუტონის თეორიები მცდარია
ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის მონაწილეებმა ალბერტ აინშტაინისა და ისააკ ნიუტონის აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენეს. ზოგიერთი ინდოელი მეცნიერის მტკიცებით, ძველმა ინდოელებმა იცოდნენ ღეროვანი უჯრედების არსებობს შესახებ და ამ სფეროში კვლევებსაც ატარებდნენ.
ამის მტკიცებულებად ინდოეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა უძველესი ინდუისტური ტექსტი მოიყვანა. ანდრას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნაგეშვარ რაო ასევე ამტკიცებს, რომ ინდუისტურ ეპოს „რამაიანაში“ ნახსენები დემონი 24 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავს და ასაფრენი ბილიკების ქსელს ფლობდა. კიდევ ერთი უნივერსიტეტის მეცნიერმა კი განაცხადა, რომ ალბერტ აინშტაინი და ისააკ ნიუტონი ცდებოდნენ და მათი თეორიები მცდარია.
ასეთი გამონათქვამების გამო, ინდოეთის სამეცნიერო კონგრესების ასოციაციამ შეშფოთება გამოთქვა. მათი თქმით, არავინ აყენებს ეჭვქვეშ უძველესი ინდუისტური ტექსტების ესთეტიკურ ღირებულებას, თუმცა ამ ტექსტებში მეცნიერული ჭეშმარიტების ძიება მიუღებელია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძველი ინდუისტური ტექსტები და მითები სკანდალური განცხადებების მიზეზი გახდა.
შარშან ინდოეთის განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თვითმფრინავები პირველად ინდურ ეპოსშია ნახსენები და პირველი საფრენი აპარატი ინდოელმა გამოიგონა.
2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ სიბრძნისა და კეთილდღეობის ღმერთ განეშას ისტორია, რომელსაც სპილოს თავი და ადამიანი ტანი აქვს, ამტკიცებს, რომ ძველი ინდოელები კოსმეტიკური ქირურგიის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.