„ინდიანამ“ ფოსტერი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ბითაძე კი დააჯარიმა #1TVSPORT
გოგა ბითაძეს და „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გრეგ ფოსტერს შორის „საკრამენტო კინგსთან“ მატჩის დროს შელაპარაკება მოხდა, რაზეც „პეისერსმა“ გადაწყვეტილება მიიღო და ორივე მათგანი დასაჯა.
ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, ფოსტერი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, გოგა ბითაძე კი დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ მესამე მეოთხედის ბოლოს ბითაძემ ერთ-ერთ მომენტში მოწინააღმდეგეს ბურთის სროლის დროს ფარქვეშ ხელი არ შეუშალა, რაზეც ფოსტერმა მას შენიშვნა მისცა. ბითაძემ შემდეგ სამქულიანი ჩააგდო და მთავარი მწვრთნელის ასისტენტს გაჩუმებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ფოსტერი გაცხარდა.
„პეისერსში“ ემოციური ფონი საკმაოდ მაღალია, რადგან მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნეიტ ბიორკგრენი და მისი სამწვრთნელო შტაბი, არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, შესაძლოა, გუნდიდან გაუშვან.
ბითაძე „კინგსის“ წინააღმდეგ 15-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 21 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა.