ბითაძე დაბრუნდა და 21 წუთი ითამაშა – გოგას ბიორკგრენის ასისტენტთან შელაპარაკება მოუვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

10:18, 06.05.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასასრულისკენ მიდის და გუნდები ბოლო შეხვედრებს ატარებენ. „ინდიანა პეისერსმა“ თავისი მორიგი შეხვედრა საშინაო არენაზე გამართა, სადაც ჩვენთვის სასიხარულო ამბავი მოხდა – გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და 15-დღიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

გოგამ 20 წუთი და 37 წამი ითამაშა და ცოტ-ცოტა ყველაფრის გაკეთება მოასწრო. მან 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. თამაშიდან 4-ჯერ ისროლა და თითო-თითო სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.

https://twitter.com/Pacers/status/1390104886596018178

თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გრეგ ფოსტერსა და გოგა ბითაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

Indianapolis Star-ის ჟურნალისტის ცნობით, ბითაძემ მესამე პერიოდის ბოლოში „საკრამენტოს“ კალათბურთელს, მაურის ჰარკლესს ხელი არ შეუშალა და მარტივი ბურთი ჩააგდებინა, რაზეც ფოსტერი გაბრაზდა და ქართველ კალათბურთელს შენიშვნა მისცა, „პეისერსი“ მალევე შეტევაზე გადავიდა და გოგამ სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც მან ბიორკგრენის ასისტენტს გაჩუმებისკენ მოუწოდა და ამაზე ფოსტერი გაცხარდა.

https://twitter.com/ThisIsJMichael/status/1390136811142406144

მატჩის შემდეგ ინციდენტის შესახებ კომენტარი ნეიტ ბიორკგრენმაც გააკეთა.

„მე ორივე მათგანს გავესაუბრე ამის შესახებ, კიდევ გავესაუბრები და გავარკვევ ზუსტად ვინ როგორ თქვა. ორივე ძალიან ბევრს შრომობს და გუნდისთვის ორივეს საუკეთესო უნდა. იმედგაცრუებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია“, – განაცხადა ნეიტმა.

​რაც შეეხება შეხვედრას, „საკრამენტო კინგსმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და 9 ქულით წინ გავიდა, მესამე მეოთხედში გუნდმა ეს სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა და საბოლოო ჯამში 11 ქულით მოიგო 104:93.

ინდიანა – საკრამენტო 93:104

https://www.youtube.com/watch?v=MUi0FpvmlPA

„ინდიანას“ 30 მოგება და 35 წაგება დაუგროვდა. ამ შედეგით გოგას გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით, რეგულარულ სეზონს საუკეთესო ათეულში დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ კონფერენციის 6 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფს მერვედფინალიდან ჩაერთვება, დანარჩენი ოთხი კი 1/16-ფინალიდან. „პეისერსი“ შემდეგ მატჩს ხვალ, 7 მაისს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი