ბითაძე დაბრუნდა და 21 წუთი ითამაშა - გოგას ბიორკგრენის ასისტენტთან შელაპარაკება მოუვიდა [ვიდეო] #1TVSPORT
10:18, 06.05.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასასრულისკენ მიდის და გუნდები ბოლო შეხვედრებს ატარებენ. „ინდიანა პეისერსმა“ თავისი მორიგი შეხვედრა საშინაო არენაზე გამართა, სადაც ჩვენთვის სასიხარულო ამბავი მოხდა – გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და 15-დღიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.
გოგამ 20 წუთი და 37 წამი ითამაშა და ცოტ-ცოტა ყველაფრის გაკეთება მოასწრო. მან 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. თამაშიდან 4-ჯერ ისროლა და თითო-თითო სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.
თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გრეგ ფოსტერსა და გოგა ბითაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
Indianapolis Star-ის ჟურნალისტის ცნობით, ბითაძემ მესამე პერიოდის ბოლოში „საკრამენტოს“ კალათბურთელს, მაურისჰარკლესს ხელი არ შეუშალა და მარტივი ბურთი ჩააგდებინა, რაზეც ფოსტერი გაბრაზდა და ქართველ კალათბურთელს შენიშვნა მისცა, „პეისერსი“ მალევე შეტევაზე გადავიდა და გოგამ სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც მან ბიორკგრენის ასისტენტს გაჩუმებისკენ მოუწოდა და ამაზე ფოსტერი გაცხარდა.
This is what led up to the Greg Foster blow up with Bitadze. He let Harkless get to the rim for a 2nd chance dunk and got scolded for not contesting. Bitadze responds w/ a 3 and when he runs back you can read his lips pretty clearly. “Sit the f$&@ down.” That did it #PacersKingspic.twitter.com/oFEmdUpPUl
მატჩის შემდეგ ინციდენტის შესახებ კომენტარი ნეიტბიორკგრენმაც გააკეთა.
„მე ორივე მათგანს გავესაუბრე ამის შესახებ, კიდევ გავესაუბრები და გავარკვევ ზუსტად ვინ როგორ თქვა. ორივე ძალიან ბევრს შრომობს და გუნდისთვის ორივეს საუკეთესო უნდა. იმედგაცრუებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია“, – განაცხადა ნეიტმა.
რაც შეეხება შეხვედრას, „საკრამენტოკინგსმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და 9 ქულით წინ გავიდა, მესამე მეოთხედში გუნდმა ეს სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა და საბოლოო ჯამში 11 ქულით მოიგო 104:93.
ინდიანა – საკრამენტო 93:104
„ინდიანას“ 30 მოგება და 35 წაგება დაუგროვდა. ამ შედეგით გოგას გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით, რეგულარულ სეზონს საუკეთესო ათეულში დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ კონფერენციის 6 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფსმერვედფინალიდან ჩაერთვება, დანარჩენი ოთხი კი 1/16-ფინალიდან. „პეისერსი“ შემდეგ მატჩს ხვალ, 7 მაისს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამართავს.