ინდიან უელსში პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა
ინდიან უელსში პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

ინდიან უელსის მასტერსზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ფინალში გასასვლელად ითამაშებენ კანადელი მილოშ რაონიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი.

რაონიჩი ნაკლებად ცნობილ სერბს, მსოფლიოს 130-ე ჩოგანს მიომირ კეჩმანოვიჩს ეთამაშებოდა. 19 წლის ჩოგბურთელი ამ ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. მან მეოთხედფინალშიც შეძლო რაონიჩისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა. ჩოგბურთელებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – სამ-სამი. კანადელმა ორი შანსი გამოიყენა, სერბმა – ვერც ერთი და საბოლოოდ, საათსა 13 წუთში რაონიჩმა 6:3, 6:4 მოიგო.
საინტერესოა, რომ კეჩმანოვიჩმა ვერ გაიარა კვალიფიკაცია და ძირითად ბადეში სხვა ჩოგბურთელის ტრავმის წყალობით მოხვდა. ეს მისთვის ATP-ის დონეზე პირველი მეოთხედფინალი იყო.

რაონიჩის მეტოქე ნახევარფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება. მან უბრძოლველად გაიარა მეოთხედფინალის ბარიერი, რადგან ფრანგი გაელ მონფილსი კორტზე არ გავიდა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო.