ინდიან უელსის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია #1TVSPORT
ინდიან უელსის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია #1TVSPORT

გაიმართა ინდიან უელსის „მასტერსის“ ძირითადი ბადის წილისყრა. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე 29-ე ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში თავისუფალია. მეორე წრეში მისი მეტოქე შეიძლება გახდეს ბელარუსი იგორ გერასიმოვი, ან კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული. თუ ბასილაშვილი ამ ბარიერს გაივლის, მესამე რაუნდში მისი სავარაუდი მეტოქე შეიძლება გახდეს მეშვიდე ნომრად განთესილი კანადელი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი, რომელიც პირველი წრისგან ასევე თავისუფალია, მეორე წრეში კი ესპანელ ალბერტ რამოსსა და იტალიელ ლორენცო მუსეტის შორის გამარჯვებულთან ელოდება შეხვედრა.

ბასილაშვილს ინდიან უელსის „მასტერსზე“ სერიოზული წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია. დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ მან პირველ წრეში გერმანელ ტობიას კამკეს მოუგო და მეორე წრეში დამარცხდა რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან. 2019 წელს ქართველმა ტურნირი გამოტოვა, 2017-ში კი პირველივე წრეში წააგო ბარბადოსელ დერიან კინგთან. 2018 წელს ასევე პირველ წრეში ვერ დაასრულა შეხვედრა ამერიკელ ტენის სანდგრენთან. 2019 წელს ბასილაშვილი განთესილის რანგში მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში და ამ ეტაპზე დამარცხდა ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან. 2020 წელს ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა.

აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, სადაც ბასილაშვილი მესამე წრემდე მივიდა, ქართველმა ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა – საფრანგეთის ქალაქ მეცში მეოთხედფინალამდე მიაღწია და პირველივე წრე დათმო გასულ კვირას სან დიეგოს ტურნირზე.

ორშაბათს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ბასილაშვილმა ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და ახლა მსოფლიოს 36-ე ჩოგანია.