მორიგი სენსაცია მოხდა ინდიან უელსის „მასტერსის“ მეთექვსმეტედფინალში. ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან ორ სეტში წააგო გერმანელ ვეტერანთან ფილიპ კოლშრაიბერთან – 4:6, 4:6.
პირველ სეტში სერბმა ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მისმა მეტოქემ ორიდან ერთი შანსის გამოყენება შეძლო.
მეორე პარტიაში კოლშრაიბერი ორმაგი ბრეიკით, ანგარიშით 5:2 დაწინაურდა. მართალია, ჯოკოვიჩმა შეძლო ერთი დაკარგული გეიმის დაბრუნება, მაგრამ 5:4-ზე გერმანელმა მოახერხა მატჩზე ჩაწოდება და მერვედფინალში გასვლა.
ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეათე შეხვედრა და კოლშრაიბერის მეორე მოგება. გარდა ამისა, გერმანელმა მე-12 ცდიდან პირველად მოუგო მსოფლიოს პირველ ჩოგანს.