ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი და დელ პოტრო ითამაშებენ
ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი და დელ პოტრო ითამაშებენ

ინდიან უელსის “მასტერსზე” ორივე ფინალისტი ცნობილია. თავდაპირველად, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოიპოვა. მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იყო, რომელმაც სერიოზული ბრძოლა გაუმართა ლეგენდას.

ჩორიჩმა პირველი სეტი 7:5 მოიგო. ეს იყო ფედერერისთვის პირველი წაგებული პარტია ტურნირზე. აღსანიშნავია, რომ ამ სეტში შვეიცარელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

ფედერერის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, როცა ჩორიჩმა მეორე სეტის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ძალიან მიუახლოვდა ფინალს. ხორვატი უპირატესობას მერვე გეიმამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ჩააგდო პარტიის ბოლო ნაწილი – 4:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად სეტი დათმო.

თუმცა, ამ წარმატებას ფედერერისთვის ინიციატივა არ მოუტანია. მესამე სეტში ჩორიჩი ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ შვეიცარელმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. სეტის ბოლოს კი ისევ როჯერის გამოცდილებამ და მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა. ბოლო ორი გეიმი ფედერერმა “მშრალი” ანგარიშით მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა – 5:7, 6:4, 6:4.

როჯერ ფედერერმა 2018 წლის სეზონის სტარტიდან მოყოლებული, 17-დან 17 მატჩი მოიგო, რაც მისი კარიერის რეკორდია. ფინალში მისი მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება, რომელმაც ძალიან იოლად, საათსა და 7 წუთში გაანადგურა კანადელი მილოშ რაონიჩი. დელ პოტრომ ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რაონიჩი კი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მისულა.

ფედერერი მერვედ ითამაშებს ინდიან უელსის “მასტერსის” ფინალში და მეექვსე ტიტულის მოპოვებას შეეცდება. დელ პოტროისთვის ეს მეორე ფინალი იქნება. შვეიცარელსა და არგენტინელს 24-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ ტურში და ლიდერობს ფედერერი – 18:6.