ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ალკარასი მედვედევს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის პირველი მასტერსის, ინდიან უელსის ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში კარლოს ალკარასის მეტოქე დანიილ მედვედევი იქნება.
20 წლის კარლოს ალკარასმა ნახევარფინალში ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერი სამ სეტში, 1:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ალკარასმა იტალიელის 19-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა. ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 4:4 გახდა, ხოლო კარლოსს შანსი აქვს, კარიერაში მეხუთედ მოიგოს მასტერსის ტურნირი.
მეორე ნახევარფინალში დანიილ მედვედევმა ტომი პოლს ასევე სამ სეტში, 1:6, 7:6, 6:2 სძლია. რუსი ჩოგბურთელისთვის ეს მეათე ფინალი იქნება ATP-ის 1000-ქულიან ტურნირებზე. წინა ცხრა ფინალური შეხვედრიდან მან ექვსი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ინდიან უელსის 2023 წლის ფინალშიც ერთმანეთს კარლოს ალკარასი და დანიილ მედვედევი შეხვდნენ. მაშინ ესპანელმა მეტოქეს ორ სეტში მოუგო. საერთო ჯამში კი, მათ ერთმანეთთან ხუთჯერ უთამაშიათ, საიდანაც მედვედევს გამარჯვება ორჯერ დარჩა, ხოლო სამჯერ უკეთესი ალკარასი იყო.
ინდიან უელსის 2024 წლის გათამაშების ფინალი 18 მარტს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.