ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ გაიმართება
ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ გაიმართება

ინდიან უელსში მამაკაცთა „მასტერსისა“ და ქალთა უმაღლესი კატეგორიის (Premier Mandatory) საჩოგბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ტურნირების გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნავენ, რომ რივერსაიდის ოლქის (კალიფორნიის შტატი) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ისეთი მასობრივი ტურნირის გამართვა, როგორიც საჩოგბურთო „მასტერსია“, დღევანდელ სიტუაციაში არ პასუხობს მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოების ნორმებს.

„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ტურნირი არ გაიმართება, მაგრამ გულშემატკივრების, მოთამაშეების, მოხალისეების, სპონსორებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა ტომი ჰაასმა. მანვე დაამატა, რომ ორგანიზატორები განიხილავენ „მასტერსის“ სხვა ვადებში ჩატარების შესაძლებლობას.

ინდიან უელსში მამაკაცთა და ქალთა ტურნირი 12-22 მარტს უნდა გამართულიყო. მოქმედი ჩემპიონები არიან – ავსტრიელი დომინიკ ტიმი და კანადელი ბიანკა ანდრეესკუ.