ინდიან უელსის "მასტერსი" - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღიას სენსაცია იქნება
ინდიან უელსის "მასტერსი" - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღიას სენსაცია იქნება

8 მარტს, აშშ-ის ქალაქ ინდიან უელსში სეზონის პირველი “მასტერსი” იწყება, რომლის ძირითად ბადეშია ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (84-ე ჩოგანი).

ცოტა ხნის წინ, წილისყრის შედეგად გაირკვა მისი მეტოქე პირველ წრეში. ეს გახლავთ ავსტრალიის ღია პირველობის სენსაცია, 26 წლის ამერიკელი ტენის სანდგრენი, რომელიც 58-ე ადგილზეა ATP-ის კლასიფიკაციაში.

იანვარში, ავსტრალიის ღიაზე სანდგრენმა ჟერემი შარდი, სტენ ვავრინკა და დომინიკ ტიმი დაამარცხა და მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც სამ სეტში წააგო ტურნირის კიდევ ერთ სენსაციასთან, კორეელ ჰიეონ ჩუნგთან. მას შემდეგ, სანდგრენმა ATP-ის მხოლოდ ერთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა – ბუენოს აირესში, პირველ რაუნდში 1:6, 2:6 დამარცხდა არგენტინელ ფაკუნდო ბანისთან.

სხვათა შორის, სანდრგენსა და ბასილაშვილს აქამდე ორჯერ უთამაშიათ ერთმანეთში. პირველად ცხრა წლის წინ – 2009 წელს, დომინიკის რესპუბლიკაში “ფიუჩერსის” სერიის ტურნირზე ამერიკელმა ჰარდზე 6:2, 3:6, 6:1 მოიგო. მეორე შეხვედრა კი შარშან შედგა პროსტეიოვისჩელენჯერზე” და იქაც სანდგრენმა გაიმარჯვა – 6:2, 6:4. კორტის საფარი გრუნტი იყო.

ბასილაშვილისა და სანდგრენის შეხვედრა 8 მარტს გაიმართება. ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი. უკვე გარკვეულია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება.