იან ბიურელმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო
იან ბიურელმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო

ცნობილმა ჟურნალისტმა, Bloomberg-ის მედია კონსულტანტმა იან ბიურელმა  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია და ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო.

„საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულშია, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. საქართველო არის კანადაზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე წინ 190 ეკონომიკას შორის. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არის იმ 20 ეკონომიკას შორის, რომელიც ბიზნესის რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან პოზიტიური ფისკალური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. დადებითად ფასდება საქართველოს ფინანსური მდგრადობის დონე სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ“, – განაცხადა შეხვედრის მოდერატორმა.

საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრისას, ბიურელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ეფუძნება ლიბერალურ და შეღავათიან  სავაჭრო შეთანხმებებს. ხაზი გაესვა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. „საქართველოს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე წარიმართოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ის იყოს ღირსეული პარტნიორი რეგიონში“, -განაცხადა იან ბიურელმა.