„იმუშავე საქართველოდან“ შექმნიდან რამდენიმე დღეში, ვებგვერდზე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა
„იმუშავე საქართველოდან“ შექმნიდან რამდენიმე დღეში, ვებგვერდზე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

საქართველოს მთავრობის ახალი პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი უკვე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქემ გამოხატა და პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 138 აპლიკანტი საქართველოში მოგზაურობას თანმხლებ პირთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების დადასტურების შემთხვევაში 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და დისტანციურად მუშაობას. 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით მიღებული აპლიკაციების 56 პროცენტი „თვითდასაქმებული“,  23 პროცენტი სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 21 პროცენტი მეწარმეა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოდან დაიწყო და მოკლე დროში დიდი დაინტერესება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, თურქეთსა და სხვა სახელმწიფოებში.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და რაც მთავარია მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრად უფრო ხანგძლივი პერიოდით, ვიდრე გასულ წლებში. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და სამზარეულოს. პროექტი დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, რადგან ახალი პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე მოხვედრას“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

დატოვე კომენტარი