„იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ - მთავრობის ახალ პროექტს საერთაშორისო მედია ეხმაურება
„იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ - მთავრობის ახალ პროექტს საერთაშორისო მედია ეხმაურება

ბრიტანული გამოცემა „ინსაიდერი“ (Insider) ვრცელ სტატიას აქვეყნებს საქართველოს მთავრობის ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო ეს არის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება, თქვენი ახალი ოფისი გახდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიაკციის თანახმად, საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ.

„ეს მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა“, – წერს „ინსაიდერი“.

ასევე სტატიაში მოყვანიალია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატა Agenda.ge-დან – „საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან“.