მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ელენე ხოშტარიას, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია, რა დამავიწყებს მის სახელს
ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ჟურნალისტებს გააცნო.
როგორც სააკაშვილი ამბობს, მხარს უჭერს გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას.
„ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა, გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ იყო. უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია – ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს – ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ.
რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ერთდროულად ბევრ ადგილას?! იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა, მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზადაგზა ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.
არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის – სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა, ვუთხრა, მოვუწოდო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია. კიდევ ერთხელ, მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასობრივი გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე, და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები.
„ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჩემი ახსოვს ჯერჯერობით, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. არ ვიცი, ეს რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას სახელი ვერ გაიხსენა.