IMF-ის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს განვითარების ბანკის საკითხი განვიხილეთ, ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ინსტიტუტები, არსებობს ცუდი მაგალითებიც და მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს ჩამოყალიბებული
IMF-ის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს განვითარების ბანკის საკითხი განვიხილეთ, ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ინსტიტუტები, არსებობს ცუდი მაგალითებიც და მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს ჩამოყალიბებული

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელის, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის განცხადებით, მისიის ფარგლებში საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ინსტიტუტები, არსებობს საკმაოდ ცუდი მაგალითებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებული და მართული.

„გვესმის, რომ ბევრი დეტალი ჯერ არ არის მზად. სახელიც კი საბოლოოდ დადასტურებული არაა. შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ინსტიტუტები. არსებობს საკმაოდ ცუდი მაგალითებიც, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებული და მართული. ასეთი ბანკის შექმნისთვის არსებობს გარკვეული რაციონალი. განსაკუთრებით იმისთვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნაკლოვანებები, რაც კერძო საკრედიტო ბაზარს აქვს მცირე და საშუალო მეწარმეების თუ ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისთვის, რათა გაუმჯობესდეს კრედიტზე ხელმისაწვდომობა. მთავარია, მმართველობის ჩარჩო იყოს სწორი. უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომ ოპერაციები გათვალისწინებული იყოს ბიუჯეტში. ძლიერი მმართველობითი ჩარჩო არის საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაფინანსება მიზნობრიობას შეესაბამება, რათა არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება“, – აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. პრემიერის განცხადებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.