იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხერსონის ოლქის გუბერნატორს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხერსონის ოლქის გუბერნატორს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხერსონის ოლქის გუბერნატორს, იური გუსევს შეხვდა.

გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი, ქართული სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი სანდრო თოფურია და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

შეხვედრაზე ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით თანამშრომლობის და რეგიონების დამეგობრების საკითხები განიხილეს.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული,მხარეებმა ხერსონის ოლქის და იმერეთის დამეგობრების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 2 მაისს, ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულზე გაიმართება.

როგორც ხერსონის ოლქის გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო სამაგალითოა ბევრი კუთხით და მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მეღვინეობის კუთხით, რადგან ხერსონში ეს დარგი განვითარების საწყის ეტაპზეა. იური გუსეევის თქმით, იმერეთში ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა ღვინის მარნებს და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

„ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრა იყო, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და ვფიქრობ, ამ ორი რეგიონის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ამჟამად განვითარების იმ ეტაპზე ვართ, სადაც სხვადასხვა ქვეყნების და რეგიონების გამოცდილებები გვჭირდება და წაგვადგება, მათ შორის ხერსონის ოლქის, რომელსაც ასევე აქვს აეროპორტი და შეხვედრაზე ქუთაისი-ხერსონას შორის ავიამიმოსვლის საკითხიც დაისვა”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.

როგორც ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, ავიამიმოსვლის საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება, რათა უკრაინის მოქალაქეებმა ხერსონიდან ქუთაისში და ქუთაისიდან ხერსონში ჩასვლა პირდაპირი რეისებით შეძლონ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ხერსონის ოლქის გუბერნატორი ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში მიიწვია, შეთანხმდნენ, რომ ისინი 3-4 მაისს ქუთაისში საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

დღესვე ზვიად შალამბერიძე ქალაქ ხერსონის მერს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.