იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესს გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ საწარმოო სამუშაოებს განაგრძობს.

სამუშაო პროცესს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კომპანიის მენეჯმენტსა და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო. მათ შორის გუბერნატორი „ფაბრიკა 29“-ს, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებს ესტუმრა და გაეცნო, რამდენად დაცულია მუშაობისას კომპანიის ობიექტებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ისეთი კომპანიების მუშაობა, როგორიც არის „ჯორჯიან მანგანეზი”, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

„ასეთი კომპანიების მუშაობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს. თავისთავად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხოებას, მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. „ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პირობა იყოს დაცული“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, შესაბამისი აღჭურვილობა – ნიღბები და ხელთათმანები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგდა.

მისივე განმარტებით, კომპანიის საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება.

„დარიგებულია პირბადეები, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტი სველი წესით მუშავდება, ასევე გამოყოფილია დამატებით სამარშუტო ტაქსები, რათა კომპანიაში დასაქმებულთა გადაადგილება შეუფერხებლად მოხდეს. იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული ღონისძიებები, როგორი ეფექტიანიც იყო დღემდე, ასევე გაგრძელდება. ქვეყანა კი, მცირე პერიოდში დაძლევს ამ გამოწვევას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იმ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალშია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.