იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა კორონავირუსზე 1 768 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და მათგან 27 პასუხი დადებითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი ე.წ. ოქროს ბირჟას უკავშირდება, ნაწილი თვითიზოლაციაში მყოფია, ხოლო ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია. გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდცენტრებში იმყოფება 301 კოვიდინფიცირებული, ხოლო სასტუმროებში 77. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დღეიდან უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე დაიწყება.

ამასთან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, ახალი კოვიდინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში არ მიუღიათ და ამ დროისთვის მკურნალობას 54 პაციენტი გადის. მისი ინფორმაციით, ორი პაციენტი სტაბილურად მძიმეა, დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია.