იმერეთში დღეს 60 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

23:13, 22.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 60 ანალიზი გამოიკვლიეს და კორონავირუსზე ყველა პასუხი არის უარყოფითი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

ამასთან, გიორგიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ის კვლევაში კიდევ ერთი ლაბორატორია ჩაერთვება. საუბარია ქუთაისში არსებულ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაზე.

„აღნიშნულმა ლაბორატორიამ ხარისხის კონტროლის ტესტირება გაიარა. მას ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი და აქვს შესაბამისი აპარატურა. ლაბორატორია დაეხმარება დაავადებათა კონტროლის სამმართველოს კვლევების გაფართოვებაში”, – განაცხადა გიორგიძემ.

მსგავსი