იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირების სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.