იმერეთის სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია
იმერეთის სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც უამინდობისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია.

„იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. სულ რამდენიმე სოფელი გვრჩება, სადაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მივედით მძიმე ტექნიკით და ხვალ უკვე გზები ამ სოფლებშიც ბოლომდე გაიწმინდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, ამ კუთხითაც დიდთოვლობის გამო იმერეთში შექმნილი პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია. ქუთაისის მომსახურების ცენტრში ჩართულია ყველა ფიდერი, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა 0,4 კვ ქსელში არსებული ლოკალური ავარიების აღმოსაფხვრელად. მომსახურების ცენტრებშიც, სადაც დიდთოვლობამ დაზიანებები გამოიწვია, სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს.

დაზიანებები თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა ზესტაფონში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხარაგაულის მომსახურების ცენტრებში.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტექნიკური სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი მომსახურების ცენტრის გარდა ჩასულია ბრიგადები სხვა რაიონებიდან. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია როგორც სოფელ კურსებში, ასევე, მიმდებარე სოფლებშიც. ასევე, სამუშაოების დასრულების შედეგად უკვე ჩაირთო ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ძირითადი ნაწილი და აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მთელი დღის მანძილზე მუშაობდა ჯგუფები და პრობლემის დიდი ნაწილი აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია ქუთაისში 300 აბონენტი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა ბზვანის 30 აბონენტი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მცხოვრები 15 აბონენტი.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ერთ საათში გაზმომარაგება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება.

დატოვე კომენტარი