იმერეთის მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სურსათი ადგილზე მიუტანონ
იმერეთის მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სურსათი ადგილზე მიუტანონ

ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც მთელ საქართველოში, ასევე იმერეთშიც 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო რწმუნებულის რეკომენდაციის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა დღეს მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელ ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად დღეს ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის 64 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.

ხელმძღვანელი პირები პანსიონატის დირექტორს გაესაუბრნენ, ბენეფიციარების ყოფითი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე მათ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

თერჯოლაში საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის სურსათის დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, მერიის მიერ გამოყოფილი და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო ამანათები უკვე 1000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროდუქტები ადგილზე მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.