იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საკუთარი ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლისთვის მიმართავს.

გუბერნატორი მოუწოდებს მხარის მუნიციპალიტეტების მერებსა და სხვა საჯარო მოხელეებს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგან.

„ასეთ დროს, როდესაც მარტო საქართველო არა, მსოფლიო აღმოჩნდა მოულოდნელი საფრთხის წინაშე, მთავარი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან ერთად, იმ მოქალაქეებზე ფიქრია, ვინც შექმნილი ვითარების გამო შემოსავალის გარეშე რჩება, ძალიან დროული და მისასალმებელია „ქართული ოცნების“ ინიციატივა ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვუერთდები. ვფიქრობ, არც ერთი თანამდებობის პირი ვერ და არ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ უსამსახუროდ და ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით და იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას კიდევ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

აღნიშნულის შესახებ გუბერნატორმა ქუთაისში ისაუბრა, სადაც დღეს ე.წ. ცხელების ცენტრი დაათვალიერა. გუბერნატორის თქმით, მსგავსი ცენტრები სამტრედიასა და თერჯოლაშიც მოქმედებს.