იმერეთის გუბერნატორი - ქუთაისი მზად არის, ხვალ 21:00 საათიდან ჩაიკეტოს ქალაქის შესასვლელები
შეზღუდვები ქალაქიდან გასვლასა და შემოსვლაზე წესდება, ქუთაისის შიგნით გადაადგილება ჩვეულებრივ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ხვალ 21:00 საათიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტებზე კონტროლი გამკაცრდება.
„ქუთაისი მზად არის, ხვალ ღამით 21:00 საათიდან ჩაიკეტოს ქალაქის შესასვლე-გასასვლელები. ჩვენ გვაქვს მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები ყველა შესასვლელ-გასასვლელში და გამკაცრდება კონტროლი არსებულ საგუშაგოებზე. გადაადგილება ყველა მოქალაქეს ქალაქის შიგნით შეეძლება ჩვეულებრივად როგორც აქამდე გადაადგილდებოდნენ არასაკომენდანტო საათის პერიოდში, ქალაქიდან გასვლასა და შემოსვლაზე წესდება შეზღუდვები“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ყველა სასიცოცხლო ობიექტი გააგრძელებს მუშაობას და მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება.
„სასაფლაოზე მისვლა იქნება აუცილებლად შეზღუდული, სავარაუდოდ ბოლომდე აკრძალული. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებს ეცნობებათ უახლოეს დღეებში. თავშეყრის ადგილებს ეკლესიებში და ეკლესიასთან აუცილებლად გავაკონტროლებთ, რათა დაცული იყოს ყველა წესი და რეკომენდაცია. ასევე ყველას მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში სადღესასწაულო და არასადღესასწაულო დღეებში. იმისთვის, რათა ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო, ხელისუფლება იღებს ამ გადაწყვეტილებას. ყველა სასიცოცხლო ობიექტი გააგრძელებს მუშაობას და მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი შესვლა და გასვლა 10 დღით იკრძალება.