იმერეთის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოები რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს
იმერეთის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოები რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს

ის ადამიანები, ვინც არიან რეგისტრირებული ქუთაისში, შეძლებენ შემოვლას ამ ათი დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს და ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეძლებენ ნებისმიერ დღეს დატოვონ ქალაქი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

„გამონაკლისები არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში განთავსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოდიან აქ სამუშაოდ. არ იზღუდება არც საქალაქთაშორისო, არც სატრანზიტო გადაზიდვა და არც დისტრიბუცია და ყველა სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს შეუფერხებლად, რომელსაც ქალაქში საკვები პროდუქტები შემოჰქონდა. რა თქმა უნდა, ქალაქში საკვები პროდუქტების არანაირი დეფიციტი არ იქნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება სასაფლაოების დაკეტვას ქუთაისსა და ზესტაფონში, როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა, ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

იმერეთის გუბერნატორი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს სასაფლაოები.

„გავაკონტროლებთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც და ამ დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაემატება თუ არა კიდევ რომელიმე მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რამდენად დიდი ნაკადი იქნება მოქალაქეების”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ათი დღით დაიკეტა.