"იმედი მაქვს,  პრაგმატულ თანამშრომლობას პარტნიორების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის გარეშე შევძლებთ" 
"იმედი მაქვს, პრაგმატულ თანამშრომლობას პარტნიორების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის გარეშე შევძლებთ" 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “აბრეშუმის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, “აბრეშუმის გზის” ინიციატივას მშვიდობა, კეთილდღეობა და თანამშრომლობის შესაძლებლობა მოაქვს აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული მრავალი ქვეყნისათვის.

“გუშინ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია აბრეშუმის გზაზე თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებებთან და საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივების გზებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვექნება დისკუსია საქართველოს როლთან – მისი, როგორც სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის სრული პოტენციალის ათვისებასთან დაკავშირებით. სინერგიის პრინციპის თანახმად, ჩვენი მიდგომა ყველა ჩართული მხარის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, რომლის ფარგლებშიც წევრი-ქვეყნების უპირატესობები გლობალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ბალანსის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სავაჭრო ბარიერების შემსუბუქება და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ექსპორტის წახალისება სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით. იმედი მაქვს, რომ რეგიონის წინაშე მდგარი პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პრაგმატულ თანამშრომლობას პარტნიორების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის გარეშე შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტადაა მიჩნეული.

“აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ უძლიერეს რეგიონულ მოკავშირესა და უმთავრეს პარტნიორს უსაფრთხოების დარგში. ამ ფაქტს ადასტურებს ევროკავშირის გლობალური ფორუმი და უსაფრთხოების სტრატეგია. საქართველოს მთავრობის მიზანია განვითარების სტრატეგია, რომელიც ემსახურება არა მარტო მის კერძო, არამედ რეგიონულ და გლობალურ მიზნებს. ამ წლის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ქვეყნის სივრცითი განვითარების პროექტი. ეს, მომავალ წლებში, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის. ამავდროულად, ვატარებთ საბაჟო რეფორმას შესაბამისი პროცედურების დაჩქარებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საქართველოს მთავრობა განუწყვეტლივ ახორციელებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობას და ხელი შეუწყოს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას. ეფექტური საჯარო სამსახურის, კორუფციისგან თავისუფალი ხელისუფლებისა და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს მეშვეობით, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა შევძელით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა .

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პროგრესის მასშტაბების აღიარება ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ანგარიშის თანახმად, საქართველომ სულ ახლახან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის (გაუმჯობესება 7 ადგილით).

” Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, საქართველო არის მე-8 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით 159 ქვეყანას შორის. ბოლო წლებში საერთაშორისო გამჭვირვალობაც აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ლიდერს. ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძირითად სტრუქტურულ შეთავაზებებს. შემდეგი ეტაპი გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს შესაძლებობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა: ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები, მმართველობის რეფორმა, სივრცითი მოწყობის რეფორმა და განათლების სისტემის რეფორმა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ჩვენი ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გულისხმობს მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებს.

“საგადასახადო რეფორმა: ეს ინიციატივა გულისხმობს მოგების დაბეგვრის ახალ მოდელს – დივიდენდებად გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლება გადასახადებისგან. ეს მოდელი ძალაში შევიდა ამ წლის წლის იანვარში და მისი მიზანია დანაზოგებისა და ინვესტიციების წახალისება, წარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ასევე კერძო სექტორში, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესებში, ლიკვიდურობის წახალისება. პენსიებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა: ეს რეფორმა შექმნის დანაზოგების ახალ სისტემას და გააუმჯობესებს წვდომას გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე.

საჯარო-კერძო პარტნიორობის ბაზის განვითარება: ეს რეფორმა გულისხმობს საჯარო-კერძო პარტნიორობის გამჭვირვალე და ეფექტიანი ბაზის შექმნას, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ამ რეფორმის მთავარი მიზანია ინვესტორებისა და ფინანსისტებისთვის ნათელი გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საჯარო-კერძო პარტნიორობას და ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ნებისმიერი დოლარისა თუ ევროს მეშვეობით, ხელი შეუწყოს საჯარო-კერძო პარტნიორობის სრული პოტენციალის ათვისებას.

მმართველობის რეფორმა: ამ რეფორმის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რითაც საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება კიდევ უფრო პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. მეტიც, „ბიზნეს სახლის“ კონცეფცია პრინციპი უზრუნველყოფს ყველა სახელისუფლებლო მომსახურების მიწოდებას კერძო სექტორისთვის ერთ სივრცეში, „ერთი სარკმლის პრინციპით“, როგორც ეს უკვე დაგეგმილია. „ბიზნეს სახლი“ უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების მიწოდებას ბიზნესებისთვის ერთ ცენტრალიზებულ სივრცეში (როგორც ფიზიკური, ისე ციფრული). ამჟამად 60-ზე მეტი საჯარო ინსტიტუტი ახორციელებს ამ მომსახურების მიწოდებას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძო სექტორის მიერ დახარჯულ დროსა და რესურსებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება არა მარტო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნა და მათი ერთ სივრცეში განლაგება, არამედ ე.წ. ფრონტ-ოფისების ჩამოშორება იურიდიული პირებისათვის სერვისის მიწოდებაში ჩართული ყველა სახელმწიფო სტრუქტურისაგან, არამედ მათი ოპტიმიზაცია და გაერთიანება ერთ დაწესებულებაში – ბიზნეს სახლში. ეს, თავისთავად, გულისხმობს ხელისუფლების შემდგომ ოპტიმიზაციასა და მისი ეფექტურობისა თუ გამჭვირვალობის გაზრდას კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობის აღმოფხვრის მიზნით.

განათლების სისტემის რეფორმა: ეს რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ყველა დონეს, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, სადაც დაინერგება ორმაგი განათლების მოდელი. რეფორმის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნილ უნარებთან შეუსაბამობის აღმოფხვრა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში და სატრანსპორტო ღერძის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, აქტიურად მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენი, ასევე სამხრეთის გაზის სატრანსპორტო დერეფანი.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან გაზის კასპიის ზღვიდან, სამხრეთ კავკასიის დერეფნის გავლით, ცენტრალური ევროპისკენ ტრანსპორტირება.

“ეს მარშრუტიც აბრეშუმის გზის შუა სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. აღსანიშნავია Lapis-Lazuli და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ახლახან დასრულდა და  ბაქოში იქნა გახსნილი. ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი – ყველაზე დიდი ახალაშენებული საზღვაო ინფრასტრუქტურა რეგიონში, რომლის მშენებლობაც დაიწყება ამა წლის 20 დეკემბერს. ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქვეყნებთან „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე, რათა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ რეგიონალური კავშირები და ტვირთის გადაზიდვების მოცულობა. ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა იქცეს ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად. მართალია, საქართველო არის შედარებით მცირე ბაზარი გაზრდილი წარმოების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს ბაზრის თვალსაზრისით, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ წარმოება ჩვენთან იძლევა გასასვლელს არა მარტო ადგილობრივ, არამედ 2.3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარზე, რომელშიც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან. ყოველივე ზემოთქმული საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს ამ რეგიონის მასშტაბით. ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის რეგიონისათვის საუკეთესო ნორმატიულ და ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ინვესტიციების განსახორციელებლად და მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ამ იმედისმომცემი, ახალი ბაზრის შესაძლებლობები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის, საქართველო სთავაზობს დაბალ ფასებს და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას.

“დღეს საქართველოში პრიორიტეტულია ინვესტიციები მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიაში, ასევე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ გლობალური ბიზნესები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოებისა და სხვა ბაზრებზე დისტრიბუციის საწყის წერტილს. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და გააქტიურებას. ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის კუთხით არსებული შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენებისკენ. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობისთვის. მადლობა „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დიდი მადლობა და ისიამოვნეთ თბილისში გატარებული დროით – ეს ქალაქი არა მარტო ბიზნესის წარმოების, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილიცაა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.