ილუსტრაციების კონკურსი - „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 მაისს დასრულდება
ილუსტრაციების კონკურსი - „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 მაისს დასრულდება

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამოაცხადა. კონკურსი 10 აპრილს გამოცხადდა და 10 მაისამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ილუსტრაციების კონკურსის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე.

„მიზანია, ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს. კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკურსი მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება. კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.

ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს, განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ. კონკურსის შედეგად შეიქმნება ოკუპაციის თემაზე ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული ილუსტრაციები“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.