„ილტალეჰტი“ – დიდი ბრიტანეთი „ერთობლივი საექსპედიციო ძალების“ წევრ ქვეყნებს „ბირთვულ ქოლგას“ სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ბირთვული შეკავება მხოლოდ ნატო-ს თავდაცვის სისტემის მეშვეობით აღარ მოხდება
დიდი ბრიტანეთი „ერთობლივი საექსპედიციო ძალების“ წევრ ქვეყნებს საკუთარ „ბირთვულ ქოლგას“ სთავაზობს, – ამის შესახებ ფინური გაზეთი „ილტალეჰტი“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურ გვინ ჯენკინსსა და ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიკი აუტოზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელს ნოემბერში მოაწერენ.
ამგვარად, მომავალში ბირთვული შეკავება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბირთვული თავდაცვის სისტემის მეშვეობით აღარ განხორციელდება.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი ფინეთს, დანიას, ესტონეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, ნორვეგიასა და შვედეთს „ერთობლივი საექსპედიციო ძალების“ ფარგლებში ეროვნული ბირთვული დაცვის უზრუნველყოფას სთავაზობს.
ბირთვული დაცვის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ბრიტანული ატომური წყალქვეშა ნავები შეასრულებენ.
„ფინეთი ჩვენი ბირთვული ქოლგის ქვეშ იმყოფება. ამას ჩვენი წყალქვეშა ნავები უზრუნველყოფენ, რომლებიც ამჟამად ატლანტის ოკეანეში პატრულირებენ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა ფინეთში ვიზიტის დროს.
ცნობისთვის, „ერთობლივი საექსპედიციო ძალები“ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით 10 ევროპული ქვეყნის კოალიციაა. ის ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის რეგიონში, არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში წარმოქმნილ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა.
შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ მცირერიცხოვან წევრ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ. მანამდე, მარტში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ბირთვული იარაღის შესახებ „პრევენციული შეკავების“ კონცეფცია წარადგინა. მოგვიანებით, ამ ინიციატივასთან მიერთების გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის ამის მზადყოფნა ფინეთმაც გამოთქვა.