ილონ მასკმა ლოს ანჯელესში საცობების წინააღმდეგ პირველი მიწისქვეშა გვირაბი გახსნა

ილონ მასკმა ლოს ანჯელესში საცობების წინააღმდეგ პირველი მიწისქვეშა გვირაბი გახსნა.

მილიარდერის კუთვნილი The Boring Company-ის პროექტის ფარგლებში, ლოს ანჯელესის ქვეშ სამკილომეტრიანი გვირაბი გათხარეს.

მასკს იდეა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გაუჩნდა. მილიარდერმა Twitter-ში დაწერა, რომ „მას აგიჟებს საცობები, რომელში დგომაც ლოს ანჯელესიდან Tesla-ს ოფისის გზაზე მიმავალს ყოველდღიურად უწევს“. ამავე ჩანაწერში მან პირობა დადო, რომ უახლოეს ხანში ქალაქის ქვეშ გვირაბს გაიყვანდა.

გვირაბის გათხრა 2017 წლის იანვარში დაიწყო. სამშენებლო ტექნიკა პირველად ლოს ანჯელესის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე მასკის კუთვნილი SpaceX-ის ოფისის ავტოსადგომზე გაჩნდა.

აპრილში TED Talk-ის კონფერენციაზე ილონ მასკმა მსმენელს მიწისქვეშა გვირაბების სისტემის პროექტის დეტალები გააცნო. წარმოდგენილ ვიდეოში მანქანა მეტალის კონტეინერში შედიოდა, რომლითაც ლიფტის საშუალებით, მიწისქვეშ ეშვება. გვირაბში ავტომობილით გადაადგილების სიჩქარე შეზღუდული არ იქნება.

გვირაბის გახსნის დროს მიწისქვეშ პირველად Tesla-ს ავტომობილმა გაიარა. მასკის თქმით, გვირაბის მშენებლობა 10 მილიონი დოლარი დაჯდა. მისივე თქმით, ეს მეტროსადგურის ხაზის მშენებლობის ხარჯებთან შედარებით გაცილებით იაფია.

პირველ მიწისქვეშა გვირაბს მასკის კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა კვლევისთვის გამოიყენებენ. როგორც თავად მილიარდერი ამბობს, მიწისქვეშა საავტომობილო მოძრაობის სისტემის შექმნას შეიწყობს ხელს.

The Boring Company-ში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გზატკეცილების მოწყობას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, გვირაბებს ვერ დააზიანებს წვიმა, თოვლი, ყინვა და ასე შემდეგ. ამავე დროს, მიწისქვეშ შესაძლებელია რამდენიმესართულიანი მაგისტრალების მოწყობაც, რომელთა მშენებლობაც მოქალაქეებს პრობლემებს არ შეუქმნის და არ შეაწუხებს.

Los Angeles Times-ის ცნობით, მასკის მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გამოცდა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა ქალაქის მცხოვრებლებს არაფერი გაუგიათ.

ილონ მასკს იმედი აქვს, რომ პროექტის განხორციელება თუ გაწერილ ვადებში მოხერხდება, მაშინ მიწისქვეშა გზატკეცილების სისტემა ლოს ანჯელესის ქვეშ 2028 წელს ამოქმედდება.