ილონ მასკის თანამგზავრები ცაში საქართველოდან ამაღამაც გამოჩნდება
ილონ მასკის თანამგზავრები ცაში საქართველოდან ამაღამაც გამოჩნდება

ილონ მასკის პროექტის, Starlink-ის თანამგზავრები ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ საქართველოდანაც დაინახა. ხომალდები ცაში დღეს, 27 აპრილსაც გამოჩნდება; თანამგზავრთა მწკრივის გავლა თბილისის დროით 21:07 საათზე ჩრდილო-დასავლეთის ცაზე დაიწყება და რამდენიმე წუთის შემდეგ დასრულდება სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაში. ასე რომ, ვინც ეს შთამბეჭდავი სანახაობა გუშინ ვერ იხილით, ამის შანსი დღესაც გაქვთ და მომავალში უფრო ხშირად გექნებათ.

პროექტი Starlink-ი ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი მთელი პლანეტის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვაა.

პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს. თანამგზავრების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს, საცდელი თანამგზავრები პირველად 2018 წელს გაუშვეს, პირველი 60 თანამგზავრი კი 2019 წლის მაისში. ბოლო ერთი კვირაა, „სფეის იქსი“ ხომალდების ახალ ნაკადს უშვებს და ორბიტაზე გასული თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ციდანაც შესანიშნავად ჩანს.

პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.

მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ასეთი რეგიონებისთვის ბეტა-ტესტირების ფაზა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება, საყოველთაო ტესტირება კი ექვს თვეში.

სერვისის ამოქმედების შემდეგ, Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობას და ქსელთან წვდომას „სფეის იქსის“ სპეციალური მიმღები ყუთით შევძლებთ.

დატოვე კომენტარი