ილონ მასკი „ტვიტერის“ შესაძენად 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება​ს წყვეტს
ილონ მასკი „ტვიტერის“ შესაძენად 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება​ს წყვეტს

ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს სურს, შეწყვიტოს 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ შეძენასთან დაკავშირებით.

CNBC-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია მასკის ადვოკატის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

საპასუხოდ, „ტვიტერის“ გამგეობის თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორის თქმით, კომპანია კვლავ მზად არის, შედგეს გარიგება შეთანხმებულ ფასად და გეგმავს, განხორციელდეს სამართლებრივი ქმედებები ამ შეთანხმების აღსასრულებლად.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დელავერის სასამართლოში გავიმარჯვებთ“, – დაწერა ტეილორმა „ტვიტერზე“.

გავრცელებული ცნობების შემდეგ, „ტვიტერის“ აქციები დაახლოებით 6%-ით დაეცა.

არსებული ცნობებით, შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ „ტვიტერმა არ შეასრულა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები“, რაც ნიშნავს, რომ „ტვიტერმა“ მასკს არ მიაწოდა შესაბამისი ბიზნეს-ინფორმაცია, რომელიც მან მოითხოვა.