ილიაუნის სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს ხვდებიან
ილიაუნის სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს ხვდებიან

ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტში გიორგი ქადაგიძეს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. ქადაგიძე ცოტა ხნის წინ მივიდა უნივერსიტეტში, სადაც თხუთმეტმა სტუდენტმა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რექტორის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა. მათ უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას გადადგომისთვის 22:00 საათამდე მისცეს ვადა, თუმცა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, შიმშილობა დაიწყეს.

შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტუდენტები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, ან გადამდგარიყო გიგა ზედანია ან ვიწყებდით შიმშილობას. ის არ გადადგა და დავიწყეთ შიმშილობა. პირველ ეტაპზე, ვშიმშილობთ 15 სტუდენტი და სხვებიც შემოგვიერთდებიან. ვიცავთ ხარისხიანი განათლების მიღების უფლებას ასეთი რადიკალური გზით, ეს არის სამარცხვინო, მადლობა ბატონ გიგა ზედანია“, – განაცხადა სტუდენტმა გიგი ნოზაძემ.

უნივერსიტეტში გიორგი ქადაგიძის მისვლამდე გიგა ზედანიამ მედიასთან განაცხადა, რომ ორშაბათს კოლეგიური ორგანოები იმსჯელებენ ილიაუნიში შექმნილ ვითარებაზე და გადაწყვეტილებასაც ისინი გამოიტანენ.

„კოლეგიალური ორგანოები ორშაბათს იკრიბებიან და ცხადია, ვიმსჯელებთ ამ სიტუაციაზეც. ჩვენთვის ახლა მთავარი არის, საფრთხე არ შეექმნას ჩვენი სტუდენტების ჯანმრთელობას და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების მობილიზება, ვმუშაობთ, რომ შევუქმნათ კომფორტული მდგომარეობა“, – განაცხადა გიგა ზედანიამ.

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი ქადაგიძის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.