ილია ვერძაძე - მურმან დუმბაძის განცხადება არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა
ილია ვერძაძე - მურმან დუმბაძის განცხადება არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძის განცხადებით, ოპოზიცია აგონიაშია. ილია ვერძაძე მურმან დუმბაძის მხრიდან დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება აბსურდული განცხადებები.

ილია ვერძაძე აცხადებს, რომ მურმან დუმბაძის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სოციოლოგიურ კვლევებში ხელისუფლების რეიტინგის ზრდას ოპოზიცია არაადეკვატური ქმედებებისკენ მიჰყავს.

„მოსაბეზრებელია შეთქმულების თეორიებზე საუბარი. ასეთი საქციელი არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს ყველაფერი მანიშნებელია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არის ძლიერი ფიგურა და ცდილობენ, ყველა მხრიდან ებრძოლონ“, – განაცხადა ილია ვერძაძემ.

პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე ხულიგნობისთვის ბრალდებული რეზო წულუკიძის ძმის, ფირუზ წულუკიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.