ილია სულამანიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან რვა სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
100კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი შეხვდნენ. დამატებით დროში გაფრთხილებებით სულამნიძემ გაიმარჯვა და გათამაშების ფინალში იჭიდავებს, ჩიქოვანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ტურნირზე მეორე შეხვედრა რუს ძიუდოისტს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალშია ამავე წონაში ვლადიმირ ახალკაციც. ქალების გათამაშებაში მეორე ორთაბრძოლა მოიგო ახალგაზრდა მარიამ ჭანტურიამ (70კგ) და ნახევარფინალში იასპარეზებს. ასევე ფინალში გასასვლელად იბრძოლებს მეორე ქართველი ქალი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილიც.
ყველასთვის მოულოდნელად, მძიმეწონოსნები – გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელეს, სადაც ორივემ გაიმარჯვა და ორივე ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.
წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.