ილია ნაკაშიძე - კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც
ილია ნაკაშიძე - კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც

კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ბათუმში, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროკურატურის ბრიფინგს მოვუსმინეთ, სადაც კონკრეტულად ნათქვამია, რომ სპეცოპერაცია ყოფილი და დღევანდელი მაღალჩინოსნების, კონკრეტულად 2015-2016 წლების უკანონო საქმიანობას ეხება. საუბარი ძველ ფაქტებზეა. ძირითადად ეს ბათუმის მუნიციპალიტეტს ეხება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც. კორუფცია სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დამანგრეველი ძალაა. სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ, რადგან საქმე ერთ მუნიციპალიტეტს ეხება, ეს სისტემურ დანაშაულებამდე შორსაა“,- განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

აჭარის პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აგრეთვე რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა.

აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.