ილია მეორემ საპატრიარქოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა
ილია მეორემ საპატრიარქოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“.

შეხვედრის დასასრულს, უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“.

დატოვე კომენტარი