ილია მეორე - წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ქალმა მოაქცია.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მე მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი“, – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლთან ერთად საგალობელი შეასრულა.

ამასთან პატრიარქმა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კონსტანტინე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე მიტრის ტარების უფლებით, ხოლო დეკანოზი გიორგი ჭიტაძე და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ.

დატოვე კომენტარი