ილია მეორე წითელი ჯვრის პრეზიდენტს შეხვდა
ილია მეორე წითელი ჯვრის პრეზიდენტს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო როკა, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და მათი თანმხლები პირები მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე წითელი ჯვრის როლს მსოფლიოსა და საქართველოსთვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორგანიზაციის პრეზიდენტს გამოჩენილი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა, ბოლოს კი დასძინა, რომ ქართულ მხარეს უკვე ათწლეულებია, არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება და რომ წითელ ჯვარს იქ მრავალი კეთილი საქმის აღსრულება შეუძლია.

ფრანჩესკო როკას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, წითელი ჯვრის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად როგორც უკრაინაში, ისე სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ჩატარდა წითელი ჯვრის ევროპის მე-11 კონფერენცია. კონფერენციის თემებია: „კოვიდ-19“, მიგრაცია, კლიმატური ცვლილებები, ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში და სამოქმედო გეგმები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი