ილია მეორე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია მეორე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ხალხი დღემდე ერთგულად იცავს ქრისტიანულ ფასეულობებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სტუმარს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნგრეთის მხრიდან გაწეული დახმარების გამო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა. მისივე თქმით, უნგრეთი ათასი წლის წინ გაქრისტიანდა და ქართველების მსგავსად მისი ხალხისთვისაც ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიწმინდის დაცვა უმნიშვნელოვანესია და დასძინა, რომ უნგრეთსა და საქართველოს შორის დიდი საქმიანი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხით და მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკლესიასთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფო და მათ შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

დატოვე კომენტარი